არარეგისტრირებული ნაკვეთის მფლობელები აგროდაზღვევის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღო.
როგორც bm.ge-ს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ განუცხადა, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის მიღება გასულ წლებში ყველას შეეძლო, მათ შორის არარეგისტრირებული ნაკვეთების მფლობელებსაც. თუმცა ისინი 2018 წლიდან პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
“სახელმწიფო პოლიტიკა არის ესეთი, რომ მიწის რეგისტრაცია მასშტაბურად მოხდეს. ამის წასახალისებლად არაერთი პროგრამა ხორციელდება. აგროდაზღვევაც ამ პროგრამის ნაწილია” - აღნიშნა ლევან მაღრაძემ.
მისი თქმით, პროგრამაში წელს 8 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს და ბენეფიციარებს პროგრამაში ჩართვა მომავალი კვირის ბოლოდან შეეძლებათ.
“წელს პროგრამაზე დაიხარჯება 9 მილიონი ლარი. 70%-ით ვაფინანსებთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევას, გარდა ვაზისა. ვაზს 50%-იანი სუბსიდია ექნება”- განაცხადა პროექტის მენეჯერმა.