23 მაისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და „მმართველობა განვითარებისთვის“ (USAID G4G) წარმომადგენლები ესტუმრნენ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ზოგადი საქმიანობა და პროექტი რეფორმეტრი გააცნეს.
გიგლა მიქაუტაძემ ისაუბრა პროექტ რეფორმეტრზე, რომელიც USAID G4G-ის მხარდაჭერით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ხდება ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგი.
როგორც გიგლამ სტუდენტებს აუხსნა, ამ ეტაპზე რეფორმეტრი აფასებს ექვს რეფორმას, კერძოდ: სოფლის მეურნეობის განვითარების, პროფესიული განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა, საპენსიო რეფორმასა და ტურიზმის განვითარებას. განიხილეს რეფორმეტრის მუშაობის პრინციპები და შეფასების მეთოდოლოგია. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და დასვეს კითხვები თითოეული რეფორმის ირგვლივ.
„რეფორმეტრის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და რეფორმების მსვლელობაში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაა, რისთვისაც პროექტის ავტორები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედია არხებსა და ვიზუალიზაციის საშუალებებს.