საპენსიო სისტემების სამი სტანდარტული ვარიანტი არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში:
1) საბიუჯეტო მოდელი – (ავტორი: რიჩარდ სედონი – ახალი ზელანდიის პრემიერ–მინისტრი 1893–1906, ლიბერალური პარტია). საბიუჯეტო მოდელი საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტიდან დაფინანსებას გულისხმობს, ე.ი. დღევანდელი გადასახადის გადამხდელი ფარავს ხანდაზმულობით გამოწვეულ სოციალურ დახმარებას ასაკოვანი ადამიანებისთვის.
2) შენატანების (და არა გადასახადების!) დაგროვების მოდელი – (ავტორი: ოტო ფონ ბისმარკი – გერმანიის რაიხის კანცლერი 1862–1890, კონსერვატიული ალიანსი). შენატანების მოდელი გულისხმობს კაპიტალის ბაზარზე დაფუძნებულ საპენსიო–საფონდო სქემებში მონაწილეობით მომავალი ხანდაზმულობის ფინანსურად უზრუნველყოფას.
საპენსიო ფონდები შეიძლება იმართებოდეს იშვიათად სახელმწიფო, ან უმეტესწილად კერძო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ხოლო მასში მონაწილეობა არის ზოგ ქვეყნანაში სავალდებულო, ზოგ ქვეყანაში – ნებაყოფილობითი, ზოგან კი ორივე კომპონენტს შეიცავს.
3) ტრანსფერების მოდელი – (ავტორი: ჰენრი კემპბელი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი 1905–1909, ლიბერალური პარტია). ტრანსფერების მოდელი ეფუძნება შენატანების პრინციპს, თუმცა არა დაგროვების, არამედ დღევანდელი პენსიონერის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ამ მოდელს აგრეთვე უწოდებენ თაობათა მოდელს (PAYG – Pay As You Go over the Generations).
სამივე სქემა ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (ე.წ. სამზოლიანი საპენსიო უზრუნველყოფა), ან შერეული ფორმით წარმოდგენილია ევროპის სახელმწიფოებში. თუმცა არის ისეთი ქვეყნები, სადაც სამიდან - ორი ან მხოლოდ ერთი სტანდარტული სქემა მოქმედებს. მაგალითად, დანიაში მოქმედებს სედონის მოდელი და ბისმარკის ნებაყოფლობითი ვარიანტი, ლუქსემბურგში - მხოლოდ სედონის მოდელი, ჰოლანდიასა და საფრანგეთში - სედონის საბიუჯეტო მოდელი და ბისმარკის მოდელის სავალდებულო ვარიანტი, შვეიცარიაში ბისმარკის სავალდებულო და ნებაყოფლობითი ვარიანტები, ხოლო გერმანიაში - კემპბელის სავალდებულო (1950 წლიდან) და ბისმარკის სავალდებულო (2002 წლიდან) ვარიანტები.
2017 წელს OECD-ს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური შედარებითი მიმოხილვის თანახმად ევროპაში ყველაზე სრულყოფილი საპენსიო სისტემა დიდ ბრიტანეთშია, რომელსაც მოსდევენ ფინეთი და ჰოლანდია. ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის დიდი ბრიტანეთი ლიდერი სრულყოფის ხარისხით, მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ბრიტანეთის საპენსიო სისტემა სრულად დივერსიფიცირებულია და ყველა ზემოთ დასახელებულ საპენსიო სქემას აერთიანებს და მათი ფუნქციონირება უზრუნველყოფილია საკანონმდებლო დონეზე.
აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც სახელმწიფოებს 5-10 წელიწადში მოუხდათ საპენსიო რეფორმის გატარება, რისთვისაც დასავლეთ ევროპაში რამდენიმე ათწლეულის ფუფუნება ჰქონდათ, ყველაზე სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს ესტონეთის საპენსიო უზრუნველყოფის მოდელი.
ესტონეთის საპენსიო სისტემა უკვე სრულად დივერსიფიცირებულია და თავს უყრის ერთის მხრივ სედონ-კემპბელის შერწყმულ ვარიანტს (1995 წლიდან), ხოლო მეორე მხრივ - ბისმარკის მოდელის როგორც ნებაყოფლობით (2000 წლიდან), ისე სავალდებულო (2005 წლიდან) ვარიანტებს. ე.ი. ესტონეთმა სამ ეტაპად განახორციელა საპენსიო რეფორმა და შექმნა სამზოლიანი სისტემა.
ესტონეთი ამის მიღწევას ფისკალური დისციპლინის გარეშე ვერ შეძლებდა, რადგან სახელმწიფოს მიერ ათწლეულობით პროფიციტული ბიუჯეტის პრაქტიკამ შექმნა ის თაობა, რომელმაც არც კი იცის საერთოდ, თუ რა არის დეფიციტური ხარჯვა და სახელმწიფო ვალი. შესაბამისად, ასეთ პირობებში გამოზრდილი თაობა მზად არის, გაიღოს გარკვეული ხარჯი ასაკოვანი თაობის სოციალურად დასაცავად, და თავად ზრუნავს საკუთარ სამომავლო ხანდაზმულობაზეც.
საქართველოში ისტორიული საპენსიო რეფორმა განხორციელდა 2005-2008 წლებში, როდესაც გაუქმდა ე.წ. ყველა სახის სოც. გადასახადი და შემოღებულ იქნა ბიუჯეტიდან დაფინანსებადი უნიფიცირებული პენსია (ე.წ. ასაკობრივი სოც. დახმარება) - ე.ი. სედონის მოდელი, როგორც საპენსიო სისტემის ჯერჯერობით ერთადერთი ზოლი.
კერძო საპენსიო სისტემა მხოლოდ ჩანასახოვან ფორმაშია და საკანონმდებლო ბაზითაც არ არის უზრუნველყოფილი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე 10 წელიწადი დაიკარგა მეორე და მესამე ზოლების შექმნაში. ე.ი. დღემდე საპენსიო რეფორმის გადადებამ პრობლემატიკის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდა გამოიწვია.
ჩემი აზრით, ორმა ძირითადმა ასპექტმა განაპირობა, რომ დღემდე გადავადდა საპენსიო სისტემის მეორე და მესამე ზოლების შექმნა.
1) კაპიტალის ბაზარი კვლავ ჩანასახოვან სტადიაშია და უკანასკნელ დროს განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად ეკონომიკა მაინც გაყინული წილების მეურნეობად რჩება.
2) სახელმწიფო ტოვებს დაანონსებული რეფორმისადმი ზედაპირული მიდგომის შთაბეჭდილებას.
ჩემი აზრით, მთავრობა ვერ არწმუნებს საზოგადოებას, თუ რატომ არის საპენსიო რეფორმა აუცილებელი, და, რომ ყოველი დღე ამ რეფორმის გარეშე არის დაკარგული. შესაბამისად, პარლამენტს დღეს უწევს ისეთი კანონპროექტის განხილვა, რომელზეც დაკვეთა საზოგადოებიდან არ წამოსულა.
პროექტისადმი ნდობის დეფიციტის დასაძლევად და ამ გადაუდებელი რეფორმის გასატარებლად საჭიროა უფრო მეტი გამჭვირვალობა, რის გამოც, რეფორმის ავტორებს მოეთხოვებათ გაცილებით უფრო აგრესიული საინფორმაციო კამპანია, სარეკლამო რგოლები, საზოგადოებრივი განხილვა– შეხვედრები იმისთვის, რომ ხალხმა რეფორმის აუცილებლობა, დაგროვება–გამრავლების პროცესი და ყველა შესაძლო შედეგი სრულად გაიაზროს.
ინსტიტუციონალური თვალსაზრისით გაუგებარია, რატომ არის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები კანონპროექტის ინიციატორები, ხოლო სოციალურ სისტემებზე პასუხისმგებელი დარგის სამინისტრო აფსაითშია. სოციალურ სისტემებთან დაკავშირებული რეფორმების კანონპროექტებზე წამყვანი აღმასრულებელი უწყება უნდა იყოს სოციალურ საქმეთა სამინისტრო – ასეთია წესი და ტრადიცია ევროპულ სახელმწიფოებში.
არ ვფიქრობ, რომ რეფორმის ინიციატორებს კონსტიტუციური ლაფსუსი გაეპარათ შენატანებისა და გადასახადების გამიჯვნის შესახებ. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი, თუ ხალხი საკუთარ აზრს დააფიქსირებს თაობათა ხელშეკრულების კანონზე.
ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი რეფორმის განსახორციელებლად კონსტიტუციური უმრავლესობაც არასაკმარისია, და რეფორმის ავტორებს ნამდვილად არ აწყენდათ, თუ აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის შედეგით გაიმაგრებენ ზურგს.
ჩემი აზრით, საპენსიო რეფორმას ავტორები უნდა მიუდგნენ ბრიტანული პედანტობით, გერმანული დათვლით და შვეიცარიული სიზუსტით, რომ ესტონური შედეგი მაინც მიიღონ.
ჩემი აზრით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ასქულიანი სისტემით ex post უნდა შეფასდეს 100–ზე (და არა 99 ან 98), რომ მომავალი თაობისათვის საერთოდ გამოირიცხოს საბერძნეთის შედეგი.
სტატიის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებებს
ავტორი: არჩილ იაკობაშვილი