2018 წლის 8 ივნისს, რეფორმეტრის მეორე ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, რეფორმის 38,8%-ია შესრულებულია და ეს მაჩვენებელი I ფაზის შემდეგ არ გაზრდილა. ამის მიზეზი საპარლამენტო განხილვებია, რომელიც 2018 წლის იანვრის შემდეგ მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავენ პარლამენტის სესიაზე.
დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 4.10 ქულა დაუწერა, რაც წინა ფაზის შეფასებაზე მეტია, სადაც რეფორმამ 3.97 ქულა მიიღო.
დისკუსიაზე, რომელსაც კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გაიჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოსაზრებამ, რომელიც რეფორმის მიმდინარეობას უკავშირდება, კერძოდ:
• მიუხედავად რეფორმის იდეის მხადაჭერისა, პარლამენტში მხოლოდ ერთმა - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის პროექტს და გამოთქვა რამდენიმე შენიშვნა:
წარმოდგენილი კანონპროექტის ერთ-ერთ გამოწვევას საპენსიო ფონდის სანდოობის საკითხი წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა და გათვალისწინებული იქნება თუ არა გრძელვადიან ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი. საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისას, გათვალისწინებულ იქნეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და ფულის ერთეულის ღირებულება მოცემულ პერიოდში;
წარმოდგენილი პროექტით, ეროვნული ბანკი არ ახორციელებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებას. სასურველია მისი ზედამხედველობის მექანიზმი გავრცელდეს საპენსიო აქტივების მართვის შემთხვევაშიც და ბანკმა ყოველწლიურად წარმოადგნოს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიში საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შესახებ;
დაგროვებითი პენსიის ძირითად კონცეფციაში ნათლად უნდა ჩანდეს ბენეფიციარების მიერ ფონდში შეტანილი თანხების გარანტირებულად დაბრუნების მექანიზმი და გაწერილი იყოს სახელმწიფო გარანტიის ამოქმედება იმ შემთხვევაში თუ ფონდი ვერ უზუნველყოფს თანხების ანაზღაურება/დაბრუნებას.
• ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ უნდა გაიმიჯნოს ორი სახის რისკი: საბაზრო და ინსტიტუციური. საბაზრო რისკების შემთხვევაში, ძნელი წარმოსაგენია, რომ სახელმწიფო გამოვიდეს გარანტორად. კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდება და კარგი და ცუდი პერიოდები ერთმანეთს მუდმივად ცვლის. მაგალითისათვის, კანადის საპენსიო ფონდმა მნიშვნელოვანი კრიზისი განიცადა მსოფლიო ფინანსური კრიზისი დროს, თუმცა დღეს ძალიან წარმატებულას ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას.
ასევე, არსებობს გამოცდილება, როცა სახელმწიფო გარანტიები უარყოფითად აისახება საინვესტიციო პოლიტიკაზე და არასწორ სტიმულებს ქმნის აქტივების მართვის კომპანიისთვის. ამის მაგალითები არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
• ეროვნული ბანკის აზრით, მათი როლი საპენსიო რეფორმაში მკაფიოდ არის განსაზღვრული. უნდა შეიქმნას ორი დამოუკიდებელი საბჭო: სამეთვალყურეო და საინვესტიციო. სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი ფუნქცია ფონდის მიმდინარე ყოველდღიური საქმინაობის წარმართვაა, ხოლო საინვესტიციო საბჭო კი, უშუალოდ საინვესტიციო განდაწყვეტილებებზე არის პასუხისმგებელი. სწორედ დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭოს არსებობა არის ინსტიტუციონალური რისკების მინიმიზების წინაპირობა.
• პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ამზადებს საპენსიო რეფორმის საკუთარ ვარიანტს. ის ითვალისწინებს ე.წ სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც უმუშევარ მოსახლეობას მისცემს საპენსიო სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას.
• კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საპენსიო რეფორმას აქვს არა მხოლოდ სოციალური დატვირთვა, არამედ ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმაა. მან დადებითი გავლენა უნდა იქონიოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.
• ISET-ის მკვლევარების აზრით, საპენსიო სისტემაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ მისი მიზნები და შეზღუდვები. მთავარი მიზანია საპენსიო ასაკში მყოფ მოსახლეობაში სიღარიბის შემცირება და დროში შემოსავლების გადანაწილება. თუმცა არსებობს ორი მთავარი გამოწვევა ეს არის ფისკალური სტაბილურობა და სოციალური სტაბილურობა.
დღესდღეობით საქართველოში არსებული საბაზისო პენსია პასუხობს მის მთავარ მიზანს, რომელიც არის სიღარიბის შემცირება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საბაზისო პენსიამ გადააჭარბა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს. თუმცა საშუალო ხელფასის ჩანაცვლების კუთხით, საბაზისო პენსია მხოლოდ 24%-ან ნიშნულს აღწევს. ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო დაბალია საშუალოზე მაღალი ხელფასის მქონე პირებისათვის.
თუ დღევანდელ საპენსიო სისტემას შევაფასებთ ფისკალური სტაბილურობის კუთხით, ვნახავთ, რომ მდგომარეობა არც ის დრამატულია. დემოგრაფიული სტატისტიკისა და სამუშაო ბაზრის სტრუქტურის გათვალისწონებით, ვარაუდობენ, რომ საპენსიო დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს არ აცდება და პირიქით, გარკვეული პერიოდის შემდეგ შემცირებასაც კი დაიწყებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენარჩუნდება არსებული ჩანაცვლების კოეფიციენტი, ფინანსური მდგრადობის პრობლემა არ უნდა შეიქმნას.