სესხის საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 2018-06-04

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა მეთოდით წახალისება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მთავარი პრიორიტეტი მთლიან ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდაა. მისი განცხადებით, საგადასახადო ნაწილში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ცვლილებები მომავალშიც იგეგმება, რითაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ხდება, მაგრამ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არსებობს სასტარტო კაპიტალის დეფიციტი, რაც მათთვის ძალიან მტკივნეულია.

„არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომლის ნაწილიც უკვე ხორციელდება, მაგრამ ყველაზე მასშტაბური საბანკო გარანტიების გაცემა იქნება, როდესაც სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება, ბიზნესის რისკი დააზღვიონ. საპროცენტო განაკვეთი, რასაც მცირე და საშუალო მეწარმე ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად მიიღებს, გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე ბაზარზე დღეს გვაქვს. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვსურს, ეს პროგრამა წელსვე ავამოქმედოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია გათვალისწინებული 200 მილიონი ლარი, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება რეალურად მოხდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 200 მილიონი ლარი იმ რეფორმების ნაწილია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას გულისხმობს.

„შემდეგი წლების განმავლობაში უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი მშპ-ის 3% მაინც შევძლოთ და მცირე და საშუალო ბიზნესის უშუალო დაფინანსება მოხდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა ისე შეიცვლება, რომ მნიშვნელოვან ინკლუზიურ ზრდას მივიღებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა სამომავლო რეფორმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო განვითარებული ეკონომიკა უნდა გახდეს და ამისთვის, უახლოეს მომავალში, განათლების სექტორში ფუნდამენტური რეფორმა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს განვითარებული ეკონომიკების სიაში შეყვანა უნდა უზრუნველყოს.