პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში საპენსიო რეფორმის მიმდინარეობის პირველი შეფასება ჩატარდა. ამ ეტაპისთვის რეფორმის 38,8% არის შესრულებული და ძირითადი სამუშო სამართლებრივი ბაზის მომზადებას დაეთმო. კვლევის მიხედვით, შემუშავდა რეფორმის კონცეფცია, რომელიც მოიწონა მთავრობამ და რომელსაც სულ მალე კანონპროექტის სახე უნდა მიეცეს. განისაზღვრა საპენსიო სისტემის ფუნქციონირების წესები და მოხდა მარეგულირებელი ორგანოს იდენტიფიცირება. ასევე, შემუშავდა აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ მოთხოვნები.
რეფორმის მიმდინარეობა, ასევე, შეაფასა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა შემფასებელთა ჯგუფმა, სადაც აღინიშნა, რომ რეფორმის კონცეფცია უკვე მრავალჯერ შეიცვალა და მათთვის ზუსტად არ არის ცნობილი, თუ საბოლოოდ რას ითვალისწინებს კერძო დაგროვებითი სისტემა და სოციალური პენსიის ინდექსაცია. პროფკავშირების წარმომადგენლის აზრით, თუ საპენსიო რეფორმის მიზანი სიღარიბის შემცირებაა, მაშინ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ პენსიას და მის ინდექსაციას, რადგან დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას, არაფორმალური დასაქმების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ შეძლებს. ასევე გამოითქვა ეჭვი იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურია საარსებო მინიმუმის გაანგარიშების არსებული წესი. აუცილებელია მეთოდოლოგიაში ცვლილებები და პენსიონერებისთვის ინფლაციის დაანგარიშება ცალკე.
კომუნიკაციის დონით კმაყოფილნი არ არიან აქტივების მმართველი კომპანიები და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დროულად მოხდეს მათი ინფორმირება ყველა ცლილებასთან დაკავშირებით. ისინი შიშობენ, რომ თუ მათ მცირე მოსამზადებელი დრო მიეცათ, ვერ შეძლებენ ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას.
გამოითქვა უკმაყოფილება იმაზეც, რომ ამჟამინდელი კანონდებლობით და საპენსიო რეფორმის კონცეფციითაც მკაცრად იკრძალება საპენსიო ფონდის აქტივების ინვესტირება ფონდთან და აქტივების მმართველ კომპანიებთან აფილირებული კომპანიების ფასიან ქაღალდებში, რაც პრობლემას ქმნის განუვითარებელი და მცირე მასშტაბის კაპიტალის ბაზრის პირობებში. სრული აკრძალვის ნაცვლად, სასურველია არსებობდეს ასეთ ინსტრუმენტებში ინვესტირებაზე ანგარიშგების და საჯაროობის მკაცრი ნორმები, აგრეთვე, კანონმდებლობით დაწესებული ინვესტირების მკაცრი ზღვრები.
შემფასებელთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 3,97 დაუწერა.
„რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც G4G USAID-ის მხარაჭერით ხორციელდება და რომელიც მიზნათ ისახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას წელიწადში ორჯერ. უკვე დასრულდა ოთხი რეფორმის შეფასება, რომელთა შეგები პროექტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული: ReforMeter.iset-pi.ge