ავტორები: სალომე გელაშვილი და ია კაცია (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი)
65 წლის ნიკოლოზ მ-მ სოფელ ჯიხაიშიდან 2012 წელს დაახლოებით 15,000 ლარის ინვესტიცია ჩადო 8.5 ჰა თხილის ბაღში, იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი წამოწყება მომგებიან ბიზნესად იქცეოდა. ნიკოლოზს საქმე მართლაც კარგად მისდიოდა, სანამ მყრალი ხოჭო, იგივე აზიური ფაროსანა, როგორც მას ქართველები ეძახიან, არ გამოჩნდა მის ბაღში. ნიკოლოზი ჰექტარზე 800-1000 კგ. მოსავლის აღებას ელოდა, მაგრამ ხოჭოს შემოსევამ მოსავალი 30-35%-ით შეამცირა, რამაც ჰექტარზე 1000 ლარზე მეტით აზარალა. სოფლად მცხოვრები ოჯახისათვის, რომლის საშუალო წლიური ხელფასი 11,000 ლარია, 9,000 ლარის დაკარგვა დიდი დარტყმაა.
ნიკოლოზის შემთხვევა ყველაზე უარესი როდია; დასავლეთ საქართველოში ფაროსანა არამხოლოდ თხილს, არამედ სხვა კულტურებსაც შეესია. ყველაზე დიდი ზიანი აფხაზეთის რეგიონის ფერმებს მიადგა. „გარდა იმისა, რომ ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა თხილის ხეებს, მან მთელი ხეხილიც გაანადგურა, განსაკუთრებით მანდარინი, ფეიხოა და სიმინდი,“ – ამბობს 67 წლის მარიკა კ. აფხაზეთის რეგიონის სოფელ რეპიდან.
იგივე სიტუაციას აღწერს გურიის სოფლის, ჭიანეთის მკვიდრი 65 წლის ირაკლი ლ., რომელიც 0.2 ჰა თხილის ბაღიდან 500 კგ. მოსავლის აღებას ელოდა, მაგრამ მხოლოდ 60 კგ. მოსავალი აიღო. „თხილის გული დამპალი ან ცარიელი იყო. შემგროვებელ პუნქტში, თუ 15 შემთხვევით ამორჩეული თხილიდან 5-ის მარცვალი კარგი გამოდგებოდა, 1 კილოგრამში 0.5 ლარს იხდიდნენ. რეალურად, თითოეულ საღ გულში 0,10 ლარს იღებდი. შესაბამისად, თუ 10-იდან 3 იყო კარგი, კილოგრამში 0.3 ლარს მიიღებდი. ეს ძალიან დაბალი ფასია.“ იყო შემთხვევები, როდესაც შემგროვებლებმა უარი თქვეს მოსავლის მიღებაზე, რადგან ეჭვობდნენ, რომ მოსავალი უხარისხო იყო ან ფერმერები არ დათანხმდნენ თხილის ასეთ დაბალ ფასად გაყიდვაზე.
პრობლემების სათავე
ფაროსანას სამშობლოდ ითვლება აღმოსავლეთ აზია. ეს მავნებელი ერჩის ხეხილსა და ბოსტნეულს, აზიანებს მათ ზედაპირს და ფოთლებს. მწერი გვიან გაზაფხულზე (მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი) აქტიურდება და შემოდგომის მეორე ნახევრამდე აზიანებს კულტურებს. როგორც კი აცივდება, მავნებელი სახლებსა და შენობებში ინაცვლებს, სადაც ზამთარს აფარებს თავს. ფაროსანა ძალიან სწრაფად მრავლდება, რის გამოც დროის მოკლე მონაკვეთში დიდი პოპულაციები ჩნდება.
საქართველოში აზიური ფაროსანა პირველად 2015 წელს გამოჩნდა და დღეისთვის უკვე დიდი ზიანი მიაყენა კულტურებს დასავლეთ საქართველოში. მთავრობამ მავნებელთან საბრძოლველად უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ფერმერთა უმეტესობას ეჭვი შეაქვს ამ ნაბიჯების დროულობასა და ეფექტურობაში.
იმისათვის, რომ მოსახლეობა უკეთ გაეთვითცნობიერებინა ფაროსანას მიერ გამოწვეულ საფრთხეებში, საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფაროსანას შემოსევის მიხედვით, საქართველოში გავრცელებული კულტურები სამ კატეგორიად დაყო (იხ. გრაფიკი 1). სამწუხაროდ, ყურძენი და თხილი – ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო საქონელი – ყველაზე რისკიან ჯგუფში მოხვდა. თხილის მწარმოებლებმა უკვე მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს და, თუ ამ ზამთარს მწერს ეფექტურად ვერ გაუმკლავდებიან, მავნებელი, შესაძლოა, ქვეყნის სხვა ნაწილშიც გავრცელდეს და კიდევ ერთი შემოსავლიანი კულტურა – ყურძენი – დააზიანოს.
თხილი ყურადღების ცენტრში
თხილის მწარმოებლებს თუ დავუჯერებთ, წელს თხილისთვის საუკეთესო წელი არ იყო; არასახარბიელო ამინდის გამო თხილს სხვადასხვა სოკოვანი დაავადება შეეყარა. ფაროსანას შემოსევამ სიტუაცია გააუარესა და, საბოლოოდ, თხილის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა როგორც ღირებულების, ისე რაოდენობის მხრივ.
წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ცხადია, 2017 წლის მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით გაცილებით დაბალი იქნება. 2017 წელს იანვრიდან სექტემბრამდე საქართველომ 50 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაიტანა ექსპორტზე, 2016 წლის იმავე პერიოდში – 116 მლნ. აშშ დოლარის, რაც 57%-იანი შემცირებაა. მართალია, ექსპორტის შემცირების ერთადერთი მიზეზი ფაროსანა არ არის, თუმცა აშკარაა, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა თხილის ექსპორტის შემცირებაში, როგორც ღირებულების, ისე რაოდენობის მხრივ.
სხვა ქვეყნების გამოცდილება
1990-იანი წლების შუაში და 2000-იან წლებში ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას. ფაროსანას პირველი პოპულაცია ევროპაში 2007 წელს შვეიცარიაში შენიშნეს. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, ფაროსანას პოპულაციები გვხვდება იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, სერბეთსა და რუმინეთში. სულ ახლახანს ამ სიას ბულგარეთი და რუსეთიც შეემატა.
აშშ-ში ფაროსანა შემთხვევით გავრცელდა 1998 წელს და შემდეგ 40 შტატს მოედო. მწერმა შედარებით სერიოზული პრობლემები გამოიწვია ექვს შტატში, ნაკლებად სერიოზული – 13-ში. ფაროსანამ 2010 წელს დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და არასასიამოვნო ეკონომიკური შედეგებიც მოუტანა ფერმერებს. ამ ეპიდემიის დროს ქვეყანამ ერთ წელიწადში 37 მლნ. აშშ დოლარზე მეტი დაკარგა მხოლოდ ვაშლის მოსავალში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ატმის მოსავლის 100% დაიკარგა მერილენდში, 60-90% – ნიუ ჯერსიში. ფაროსანა კვლავ აზიანებს ტკბილი სიმინდის, წიწაკის, პომიდვრისა და ბადრიჯნის ნათესებს აშშ-ში.
როგორ მოვიქცეთ?
ფაროსანას პოპულაციასთან გამკლავება რთულია, რადგან დღეს ცოტაა ეფექტური პესტიციდი, რომელიც მათ წინააღმდეგ გამოიყენება. მკვლევრები ცდილობენ, მოძებნონ ფაროსანას პოპულაციების გაკონტროლების ეფექტური გზები, მაგრამ ყველაზე ეფექტური მეთოდების გამოსავლენად მეტი ექსპერიმენტის ჩატარებაა საჭირო.
საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ფაროსანასთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ინსექტიციდების გამოყენება. თუმცა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ფაროსანა ზოგიერთი გავრცელებული ინსექტიციდის მიმართ რეზისტენტული გახდა. ამ აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს ისეთი ახალი ინსექტიციდების გამოყენება, როგორიცაა ოქსამლი, რომელმაც საველე ცდების დროს ფაროსანის 96% გაანადგურა.
კიდევ ერთი საშუალებაა ქიმიური ნაერთის, კაოლინიტის (კაოლინის თიხა) გამოყენება ვაშლში. ეს ქიმიური ნივთიერება ყველაზე ეფექტურად იცავს ვაშლს ფაროსანასგან. სამწუხაროდ, კაოლინიტი ეფექტურია მხოლოდ ვაშლის შემთხვევაში და ვერ იცავს სხვა კულტურებს.
მკვლევრები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ფაროსანას ბუნებრივი ბიოლოგიური მტრის აღმოჩენა. მათ დაასკვნეს, რომ Trissolcus japonicas (პარაზიტი ბზიკი, რომელსაც „ბზიკ სამურაისაც“ ეძახიან) ფაროსანას პირველი მტერია. აზიაში Trissolcus japonicas-მა მოძებნა და გაანადგურა ფაროსანას კვერცხების 60-90%, რაც ნამდვილად იმედისმომცემი შედეგია. თუმცა, თუ საქართველოში (ან ნებისმიერ სხვა, არამშობლიურ ქვეყანაში) შემოვიყვანთ მწერის ბიოლოგიურ მტერს, არსებობს რისკი, რომ თავად ეს მწერი გახდეს ინვაზიური მავნებელი და იგივე პრობლემები გამოიწვიოს, რასაც ფაროსანა იწვევს. სწორედ ამიტომ მკვლევრებს ურჩევნიათ, ჯერ ქვეყნის მკვიდრი ბიოლოგიური მტერი აღმოაჩინონ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოყვანონ რაიმე ახალი სახეობა, თუ სხვა გზა არ არის. ფაროსანასთან ბრძოლაში შეიძლება მკვიდრი მტაცებლების, კრაზანების და ჩიტების გამოყენება.
საქართველოს მთავრობა ინსექტიციდების გამოყენებას ასუბსიდიებს და გეგმავს, მავნებელთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი გამოიყენოს, რათა შემდეგი ზაფხული ქართველ ფერმერებს ფაროსანას მორიგ კოშმარად არ ექცეთ.