კანონის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.
თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
„ძნელია გადააჭარბო ამ რეფორმის შეფასებას. რისკები, გამოწვევები, რა თქმა უნდა, რჩება რადგან შეუძლებელია 25 წლიანი ჰორიზონტის მთლიანად დათვლა და შეფასება, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ კანონში დღესდღეობით ჩადებულია როგორც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ის გაკვეთილები, რომლებიც გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნებში წარუმატებელი შედეგებიდან გამოიტანა. ჩვენ არ ველოდებით რომ ეს იქნება ისეთი შედეგების მომტანი, რომელიც ჩვენ დაგვაახლოებს ისეთ პენსიების დონეს, რომელიც აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს, სადაც ჩანაცვლების კოეფიციენტები 70-80%-ს აღწევს, მაგრამ დღევანდელი 18%-დან 50 %-ზე ასვლა არის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ღირსეული პენსია ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავდეთ და უზრუნველვყავით ისეთი მექანიზმი, რომ მოქალაქეთა შენატანი ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც ინფლაციის რისკიდან, ისე არაკეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობისგან“-განაცხადა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
საპენსიო დანაზოგების შეგროვება და კონტრიბუცია 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება. „დაგრივებითი პენსიის შესახებ“ კანონის დამტკიცების შემდეგი ეტაპი საპენსიო სააგენტოს შექმნაა.