ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 19,5%-დან 22%-მდე გაიზარდა. შედარებით მაღალია ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით 2017 წლის აგვისტოში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 26,1%-ს შეადგენდა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 24,7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8,5% იყო (2016 წელს - 9,7%).
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას ფინანსისტები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის, არასტაბილურ გარემოს, ლარის შეზღუდულ რესურსს და ლარიზაციის პროგრამას.
ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში გაიცემა, ახალი რეგულაცია 2017 წლიდან მოქმედებს. 2018 წლიდან კი ეს თანხა 200 000 ლარამდე გაიზრდება.