რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
რეფორმის პროგრესის შეფასება მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას. სტრატეგია მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე კაპიტალის სტიმულირებას და მობილიზებას ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისათვის.
სტრატეგიის ფარგლებში, ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სეკიურიტიზაციის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება წარმოადგენს. „სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და მიზნად ისახავს სეკიურიტიზაციის გარიგებასთან, ჩართულ მხარეებთან და გარიგების შედეგად გამოშვებულ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფინანსური საკითხების მოწესრიგებას. სეკიურიტიზაციის გარიგება კომპანიებისათვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს. დამატებით, ადგილობრივი სააქციო კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, სტრატეგიით გათვალისწინებულია უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების სტიმულირებისთვის საგადასახადო ჩარჩოს შემუშავება.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს რეფორმის დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებმაც შეხვედრაზე რეფორმის მიმდინარეობა შეაფასეს.