2017 წლის 14 დეკემბერს, რეფორმეტრის მეორე ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო.
სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის რეფორმის 74,9% არის შესრულებული. აღნიშნული მაჩევენებელი I ფაზაში 69,5 %-ს შეადგენდა. კვლევის მიხედვით, სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება ჯერ ისევ პროცესშია, გრძელდება აგრარული სექტორის განვითარების მეცნიერული მხარდაჭერის ღონისძიებები. კოოპერაციის განვითარების მხარდასაჭერად, ახალი პროგრამები დაინერგა. სასოფლო მეურნეობათა რეესტრი ჯერ არ შექმნილა, პროცესშია თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიცირების მხარდამჭერი ღონისძიებები და ასევე, არ შექმნილა მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემა. 2 000 ჰა-ით გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი მიწების და 1 900 ჰა-ით კი დრენირებული მიწების ჯამური ფართობი. დნმ-ის საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიის შექმნა და თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა დანერგვა კვლავ პროცესშია. ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით განხორციელდა არაერთი საკანონმდებლო ცვლილებები და ასევე, განახლდა კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ.
დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 5,63 დაუწერა, რაც მცირედით აღემატება წინა ფაზის შეფასებას, სადაც რეფორმამ 5,41 ქულა მიიღო.
დისკუსიაზე, რომელსაც დაინტერესებული მხარეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, გაიჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოსაზრებამ, რომელიც რეფორმის მიმდინარეობას უკავშირდება, კერძოდ:
* შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2013 წლიდან ჯამში 1,5 მლრდ ლარი გაიცა საბანკო სესხის სახით. თუმცა ამ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების რაოდენობა მცირდება, რაც განპირობებულია იმით, რომ მოთხოვნა მეტნაკლებად დაკმაყოფილდა და გაიზარდა სესხის მინიმალური ზღვარი 5 000 ლარიდან 20 000 ლარამდე.
* პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სოფლის მეურნეობაზე კვლავინდებურად მცირე წილი მოდის, მაგრამ მზარდია შიდა ინვესტიცების მოცულობა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან გადამუშავების სექტორში უფრო მეტი რეალური დამატებული ღირებულება იქმნება, ვიდრე პირველად სექტორში.
* 2014 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება აგრო-ექსპორტი და არც ექსპორტიორთა რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა. სამინისტროს განმართებით, თხილის ექსპორტის შემცირებამ დიდი გავლენა მოახდინა მთლიანი სტატისტიკის გაუარესებაზე, რადგან მას დიდი წილი ეჭირა ექსპორტში. ISET-მა გაზომა ექსპორტის დივერსიფიკაცია Herfindahl-Hirschman Index (HHI)-ის მიხედვით. 2017 წელს ფიქსირება დივერსიფიკაციის გაუმჯობესება პროდუქტებთან მიმართებით და შემცირება ქვეყნების მიხედვით. სამინისტროს განმარტებით, ექსპორტის პარალელურად უნდა განვიხილოთ შიდა ბაზარიც, სადაც პერმანენტულად იზრდება თვითუზუნველყოფის კოეფიციენტი.
* საუბარი შეეხო 2017 წლის მთავარ პრობლემას - აზიურ ფაროსანას, რომელიც მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წელსაც მთავარი გამოწვევა იქნება. ამ ვითარებაში, სამინისტრო მოსახლეობის აქტიურობას და თანამშრომლობას ელოდება და აძლევს მათ რჩევას, დაიცვან სამინისტროს რეკომენდაციები მცენარის მოვლასთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით, სწრაფი და ეფექტური გამოსავალი სამინისტროს ვერც უცხოელმა ექსპერტებმა შესთავაზეს, ამიტომ გრძელდება ამ კუთხით მუშაობა.
* გამოიკვეთა, რომ დიდი უნდობლობა არსებობს ოფიციალური სტატისტიკის მიმართ. თითქმის ერთხმად აღინიშნა ის, რომ საქსტატის მონაცემები სოფლის მეურნეობის სექტორზე არ შეესაბამება რეალობას და ის შესაძლოა მხოლოდ არსებული ტენდენციების შესახებ გვიქმნიდეს სწორ წარმოდგენას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფერმერების მხრიდან არასწორი მონაცემების მიწოდებაც არის.
რეფორმვერდიქტი - მთავრობის ერთიანი შეფასება - მცირედით გაუმჯობესდა და მან 4,80 ქულა შეადგინა. პირველ ფაზაში მთავრობის მაქსიმალური შეფასება 4,75 ქულა იყო.