დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებებით. რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში 22 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.
წელს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის მონიტორინგი), რომლებსაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები განახორციელებენ.
ისევე როგორც წინა წელს, 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.
ეწვიეთ: https://vet.emis.ge