საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9კლასი) დამადასტურებული დოკუმენტი აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის მონიტორინგი), რომლებსაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები. დუალური ანუ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებით. სწავლების პროცესში ჩართულია 35 -მდე კერძო კომპანია.
რეგისტრაციის მსურველებისათვის, დამატებით, ამოქმედდა ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.