რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მიზანია, RIA აქციოს პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების რუტინულ ნაწილად. საქართველოში უკვე არსებობს რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 2020 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „რეგულირების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“. ეს დადგენილება RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის საკანონმდებლო ჩარჩოს მთავარი კომპონენტია. რეფორმა აგრეთვე მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერების, ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს რეფორმის განხორციელებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.