რეფორმეტრის ფარგლებში, პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პირველი შეფასება 2017 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ 2013-2017 წლის სამოქმედო გეგმის 80 % შესრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული, 2020 წლამდე გაწერილი რეფორმის 50 პროცენტია შესრულებული. კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ 2013 წელს დაწყებულმა რეფორმამ სტრუქტურულად შეცვალა პროფესიული განათლების სისტემა და საფუძველი ჩაუყარა დუალურ სისტემას. თუმცა კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა გაჭირდება.
შემფასებელთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 5.76 დაუწერა. შემფასებელთა ჯგუფის შეხვედრაზე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 2013 წლის ჩათვლით პროგრამები იყო ხანმოკლე და 16 წლის ადამიანი გადიოდა შრომის ბაზარზე არასრულფასოვანი ცოდნით და მომზადებით. პროგრამების ხანგრძლივობა გაიზარდა, რამაც სტუდენტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. იზრდება კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი წლიდან-წლამდე. თუმცა სამინისტროს მხოლოდ საჯარო კოლეჯების შესახებ აქვს ინფორმაცია. ახალი რეგულაციებით, ამიერიდან კერძო კოლეჯებსაც მოუწევს სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. კოლეჯი არის ყველა რეგიონში და წელს კიდევ 3 ახალ ლოკაცია დაემატება.
სამინისტროსვე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფორმატის შემუშავებაზე. უკვე დაწყებულია დუალური პროგრამები სოფლის მეურნეობის განათლების მიმართულებით და დაემატება 3 პროგრამა ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ კერძო კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების სისტემაში, უთანასწორო კონკურენციაში არიან საჯარო კოლეჯებთან. სამინისტრო ვაუჩერული სისტემის შეფასების პროცესშია. განიხილება შესრულებაზე დაფუძლებული (performance based) დაფინანსების სისტემაზე გადასვლა, სადაც მონაწილეობის მიღებას კერძო კოლეჯებიც შეძლებენ, თუმაც მოხდება პროფესიების გაფილტვრა. მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან, დუალურ პროგრამებზე ავტორიზაციის პროცესში დამსაქმებელიც ჩაერთვება. ისინი, ასევე, შეაფასებენ სტუდენტის მომზადების დონეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, კერძო სექტორის ჩართვა არაფორმალურ განათლების სექტორში გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. კერძო სექტორი ხშირად თვლის, რომ განათლება და მათ შორის პროფესიული განათლება მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამიტომ უნდა მოხდეს კერძო სექტორის ცნობიერების გაზრდა ამ მხრივ.
საჯარო კოლეჯების წარმომადგენლების აზრით, საქართველოში გვაქვს ბიზნესის ჩართულობის წარმატებული მაგალითები. თუმცა მათი მოტივაციის გაზრდისთვის, აუცილებელია უფრო მოქნილი საგადასახადო კანონმდებლობა. ასევე, აუცილებელია ბიზნესმა შეაფასოს სტუდენტი. აღნიშნული უკეთ აჩვენებს კერძო სექტორს, თუ რას აკეთებს კონკრეტული კოლეჯი და დარწმუნდნენ, რომ თვითონ აღარ მოუწევთ დამატებითი რესურსების დახარჯვა თანამშრომლების გადამზადებაში.